Back to All Events

FIDIC-ის ხელშეკრულებების მართვა და ადმინისტრირება (მოდული 4)


საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაცია (ACEG) FIDIC-თან თანამშრომლობით აცხადებს მესამე აკრედიტირებულ ქართულენოვან საჯარო ტრენინგს - FIDIC-ის ხელშეკრულებების მართვა და ადმინისტრირება.

ტრენინგს ჩაატარებენ FIDIC-ის აკრედიტებული ტრენერი ნინა ცატუროვა და  ირაკლი ხერგიანი.

გამორჩეულად მნიშვნელოვანი ორ დღიანი ტრენინგი გთავაზობთ მშენებლობის სფეროში, საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული FIDIC-ის ხელშეკრულებების ფორმებში განსაზღვრული პროცედურების და შინაარსის ანალიზს.

ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებს გაუღრმაოს და გაუმყაროს FIDIC-ის ხელშეკრულებებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება, იქნება ეს დამკვეთი, კონსულტანტი/ინჟინერი თუ კონტრაქტორი.

ტრენინგი ფოკუსირებულია FIDIC-ის ძირითადი ხელშეკრულებების ფორმების მექანიზმებზე, პროექტის მართვის მახასიათებლებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

ტრენინგი შემუშავებულია ისეთ თემატიკაზე დაყრდნობით, რომელიც დამსწრეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ საუკეთესო მიდგომებს და გააღრმაონ თეორიული ცოდნა პრაქტიკული მაგალითების გაზიარებით. ორ დღიანი ინტენსიური სესია მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. იქნება განხილული სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითი. მონაწილეები უშუალოდ ჩართულები იქნებიან როგორც კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისე პრაქტიკული დავალებების შესრულების კუთხით, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს სესიაზე მიღებულ ცოდნას. ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ხელშეკრულების ფორმების 1999 წლის გამოცემებს, თუმცა დამატებით განხილული იქნება ის არსებითი განსხვავებები, რაც მომდევნო 2017 წლის გამოცემებშია ასახული. ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება აღნიშნული ცვლილებების ზეგავლენაზე პრაქტიკულ გამოყენებაში.

ტრენინგი ჩატარდება 2024 წლის 5-6 მარტს, სასტუმრო ბილტმორში (რუსთაველის გამზირი #29, თბილისი, საქართველო).

ლექტორები

ტრენინგს გაუძღვება FIDIC-ის აკრედიტებული ტრენერი  ნინა ცატუროვა, ირაკლი ხერგიანთან ერთად.

ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიზიარონ ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კონტრაქტების მართვის ისე საინჟინრო მიმართულებითაც.

ნინა ცატუროვა არის FIDIC-ის აკრედიტებული ტრენერი (https://credentials.fidic.org/credential/5e5bdf44-e940-418d-860d-25ae7411c3b8?view=recipient). იგი არის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალი FIDIC-ის კონტრაქტების  გამოყენებაში.

2023 წელს ნინას FIDIC-ისგან მიენიჭა საპატიო ჯილდო - “Merit Award of the FIDIC Contracts Trainer of the Year in 2023” (https://www.fidic.org/node/42222).

ნინა არის მულტიდისციპლინური სამშენებლო საკონსულტაციო ფირმა Intelligent Solution-ის (https://www.isolution.ge) დირექტორი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი. იგი ასევე არის საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. დამატებით, ნინა FIDIC-ის აკრედიტებული  მომრიგებელია და შედის FIDIC-ის პრეზიდენტის მიერ რეკომენდირებულ დავების მომრიგებელთა სიაში (https://www.fidic.org/fidic-president-details/80559). იგი წარმოადგენს დავების მარეგულირებელი საბჭოს ფონდს (DBRF) საქართველოში.

ნინას საქმიანობის სფერო სამშენებლო სამართალი და დავების რეგულირებაა. იგი მუდმივად აქტიურად არის ჩართული სამშენებლო ხელშეკრულებების მენეჯმენტსა და სამშენებლო დავების მორიგების პროცესში. მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება FIDIC-ის კონტრაქტების გამოყენებაში და ხშირად კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მხარეებს სამშენებლო კონტრაქტების შედგენისა და მოლაპარაკების პროცესში. აღნიშნული მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნინა თავისი მაღალკვალიფიციური მიდგომებით და ხანგრძლივი გამოცდილებით არეგულირებს სამშენებლო მიმართულებით წარმოშობილ დავებს, კონსულტაციებს უწევს მხარეებს დავების თავიდან აცილების საშუალებებზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს დავების საბჭოში, არბიტრაჟსა და სასამართლოში.  

იგი ჩართული იყო FIDIC - ის სამშენებლო ხელშეკრულების პირობების (1999 წლის პირველი გამოცემა წითელი წიგნი) ქართულ ენაზე ოფიციალურ თარგმანსა და ხელშეკრულების იურიდიული კუთხით განხილვაში.

ირაკლი ხერგიანი არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (ინჟინერი) სამშენებლო დარგში და აქვს FIDIC-ის კონტრაქტების გამოყენების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება.

ირაკლი ხერგიანი არის საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მას აქვს უმაღლესი განათლება და მაგისტრის სტატუსი საინჟინრო მიმართულებით.

მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. მისი ხანგრძლივი და მაღალკვალიფიციური გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე დაფინანსებული მსხვილი ბიუჯეტის შესყიდვების დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვას. მისი პროფესიული უნარჩვევები ეყრდნობა FIDIC-ის კონტრაქტების მრავალწლიანი გამოყენების გამოცდილებას, რომელიც მან შეიძინა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოწინავე პოზიციებზე მუშაობისას, ისე კერძო სტრუქტურებში საინჯინრო მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლის შესრულებისას, როგორც ინჟინერი, დავების მომრიგებელი, პროექტის მენეჯერი და სხვა.

ირაკლი FIDIC-ის აკრედიტებული  მომრიგებელია და შედის FIDIC-ის პრეზიდენტის მიერ რეკომენდირებულ დავების მომრიგებელთა სიაში (https://www.fidic.org/fidic-president-details/74307).

ვისთვის არის საინტერესო?

მათთვის ვინც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის კონსულტანტ ინჟინრები, კონტრაქტორები, დამფინანსებელი სააგენტოები, დამკვეთები, სადაზღვეო სააგენტოები, პროექტის მენეჯერები, ასევე იურიდიული და სამშენებლო ექსპერტები და სხვა.

დოკუმენტები და სერტიფიქატები

მონაწილეები მიიღებენ ტრენინგთან დაკავშირებულ სრულ დოკუმენტაციას.

დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ოფიციალურ FIDIC კურსის დასრულების სერთიფიკატს.

ენა

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

საფასური

·   ზოგადი რეგისტრაციის საფასური - 650 ევრო  (+ 18% დღგ)

·   საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის წევრებისთვის რეგისტრაციის საფასური - 550 ევრო (+ 18% დღგ)

ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში მესამე და ყოველ მომდევნო წევრზე ფასდაკლება შეადგენს 10 %-ს. ჯგუფების ფასდაკლების მისაღებათ გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე-  aceg@aceg.ge.

გადახდა წარმოებს გადახდის დღეს არსებული საქართველოს ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით ლარში. საერთაშორისო გადმორიცხვის მიღება შესაძლებელია ევროში.

სრული საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ.

საფასური მოიცავს კურსის სრულ დოკუმენტაციას, ორ დღიან სწავლებას, ლექციებს შორის ყავის შესვენებებს და სადილს, ასევე FIDIC-ის სერტიფიკატის საფასურს.

გადახდა

შევსებული აპლიკაციის მიღების შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით ინვოისს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.

გადახდა სავალდებულოა წინასწარ კურსის დაწყებამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი გეთქვათ კურსზე დასწრების რეგისტრაციაზე.

როგორ დარეგისტრირდეთ?

მოცემული ტრენინგის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით იჩქაროთ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაცია დაიხურება მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობის შევსებისთანავე.

რეგისტრაციის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება

თანხის დაბრუნება (გადახდილი თანხის 20% გამოკლებით, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯების ასანაზღაურებლად)  მოხდება ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე, რეგისტრაციის გაუქმებაზე მიღებული წერილობითი განაცხადის საფუძველზე. სამწუხაროდ, დაგვიანებული გაუქმების განაცხადების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება. მონაწილეთა ჩანაცვლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

ასოციაციისგან დამოუკიდებელი გარემოებებით გამოწვეული საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ტრენინგის ჩატარების დრო, ლექტორები, თემატიკა, თარიღი ან ადგილმდებარეობა. ტრენინგის გაუქმების შემთხვევაში საფასური სრულად ანაზღაურდება.